მიხეილ მესხი - "იყო შაშვი მგალობელი"...

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სპორტული რეტრომედია
GeosportS.ge   
ორშაბათი, 12 იანვარი 2015 17:59

mesxiკოტე გოგიშვილი

გაზეთი "ოლიმპი", 13 მარტი, 2000

იყო შაშვი მგალობელი...

მე თქვენ არ გიცნობდით, ბატონო. თუმცა არ გიცნობდით, ეს ის სიტყვა არ არის - არ შეგხვედრივართ, ხელი არ ჩამომირთმევია და თქვენს ფეხბურთს რაც შეეხება, ჰა-ჰა, ათიოდე სურათი და ორიოდე სატელევიზიო კადრი თუ მექნება ნანახი... გვიან დავიბადე, ბატონო ჩემო, გვიან დავიბადე და როცა თავს მოვესწარი, თქვენი ფეხბურთი უკვე მორჩენილიყო.

არადა, გული მწყდება - ფეხბურთი ხომ ლეგენდების ისტორიაა და რომ ვუყურებ, თქვენისთანა ლეგენდა ორი-სამი თუ იქნება ქართულ ფეხბურთში. არადა, კარგი იქნებოდა, მენახა, როგორმე დამთხვევოდა ჩემი დრო თქვენსას, ბატონო ჩემო, მაშინ ხომ არავის ასახსნელად არ მექნებოდა საქმე და ისიც ხომ ქართულია, გაგონილს რომ ნანახი ჯობს.

დიდი ყოფილხართ, ბატონო ჩემო, დიდი და ყველაზე მთავარი რა არის, იცით? განა მარტო დიდ ფეხბურთელად, ხალხის სიხარულადაც იქეცით - ისევე, როგორც თქვენივე კერპი ფეხბურთში - გარინჩა.

აკი შეგარქვეს კიდეც - მტკვრისპირელი გარინჩა - სიმბოლურიაო, ამაზე იტყვიან, განა არა?

მაგრამ ახლა რამდენიც უნდა ვწერო თქვენზე, იმის სათანადოდ ახსნას ვერასოდეს შევძლებ, თუ რატომ დაგდევდათ ხალხი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე - ეს უნდა მენახა... კარგი იყო მენახა.
მაგრამ ფეხბურთის ისტორია ხომ ლეგენდების ისტორიაა და დღეს ჩემამდე მოღწეულ ლეგენდაზე მოვყვები, ბატონო ჩემო, ოღონდ... ჩემებურად, მხოლოდ და მხოლოდ ჩემებურად - მერწმუნეთ, კალამი კეთილგანწყობილ ხელს უჭირავს, რადგან არ შეიძლებოდა სხვანაირად, ეს თქვენ არ იმსახურებთ „სხვანაირად".

ნიჭი და ხასიათი

ხშირად იტყვიან ხოლმე ჩვენში - ნიჭიერი და ზარმაციო. რატომ ხშირად? იმიტომ, რომ ქართველი კაცი, როგორც ასეთი, ნიჭიერიცაა და ზარმაციც - ამას ერის ისტორია ამტკიცებს მთლიანად. მაშ, რა უნდა თქვა იმ ხალხზე, რომელიც ათით ასს უმკლავდებოდა და ამავე დროს, ომი სწყინდებოდა - პირველი ნიჭიერების დამადასტურებელია და მეორე - სიზარმაცისა.
ნუ გგონიათ, რომ რაიმე ახალი გამოვიგონე: ჩვენი ისტორია ომის, ანაც ომობანას თამაშის ისტორიაა და სწორედაც რომ ეს ომი ან ომობანა განსაზღვრავს ერის ხასიათსაც. ათი რომ ასს მოუგებს - ეს იმ ათის ნიჭიერებას ნიშნავს, ის კი, ომი და მტერთან ბრძოლა რომ მოგწყინდება, სიზარმაცეა, მაშ სხვა რა...

თუმცა, ნიჭიერი კაცის საზომი ერთი ცალკეული მოგება ან წაგება არასდროს ყოფილა, ნიჭიერი კაცის საზომი ისაა - „შედგება" თუ „არ შედგება". მე არ მჯერა იმათი, ვინც ამბობს, რომ ნიჭიერი კაცი შეიძლება ვერ შედგეს, ნიჭიერ კაცს ნიჭი არ მოასვენებს, ადამიანს რომ შრომა შეუძლია, ეს რა, ნიჭი არ არის? ამიტომ: ვისაც ნიჭი აქვს, ყველა დროში, ნებისმიერ ადგილას „შედგება" ხოლმე.

თქვენზე ამბობდნენ, ზარმაცობდაო, ბატონო ჩემო, ხასიათის მოთამაშე იყოო, დოინჯის შემორტყმა უყვარდა და ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ თამაშობდაო...

ყველა თამაში რომ ერთ დონეზე გეთამაშათ, კარგსა და ცუდს ვინ გაარჩევდა, ბატონო ჩემო, ვინ იტყოდა, რომელია კარგი თამაში და რომელი ცუდი, ანდა როდის გადასულიყვნენ ტრიბუნიდან ტრიბუნაზე, ვინ მიხვდებოდა?!

და რა გგონიათ, ამას თავად ვერ ხვდებოდნენ? ხვდებოდნენ, მაგრამ ზოგის შუბლის ძარღვი ნამეტნავად ელასტიურია, მხოლოდ მაშინ წყდება, როცა მის „პატრონს" სჭირდება და ამიტომ იყო, გაბრალებდნენ ათასგვარ რაღაცებს, ბატონო ჩემო, და ის კი ავიწყდებოდათ, რომ „წყალნი წავიდოდნენ, წამოვიდოდნენ, ქვიშანი დარჩებოდნენ" და თქვენი ნაკვალევიც ისევე დარჩებოდა ქართულ ფეხბურთში, როგორც რომ დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიის სანახებში.

თუ ვერ ხვდებოდნენ, ხედავდნენ.

ხედავდნენ, როგორ დარბოდით ნახნავებში, როგორ დასდევდით მამალს (პროზაული არ არის, განა არა?), როგორ რჩებოდით ყოველი ვარჯიშის შემდეგ დიღმის ბაზაზე და...

ჰყოფნიდათ თავხედობა, ზარმაციაო - ეთქვათ.

თქვენ კი არ ნებდებოდით, ნიჭი მოსვენებას არ გაძლევდათ და...

დაგდევდნენ კიდეც ტრიბუნებიდან ტრიბუნაზე - ეს თქვენი ხასიათის გამარჯვება იყო.

ხასიათისა, რომელმაც ათობით ჭორიკანას პირი ამოუკერა და ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ლეგენდა შექმნა.

ბედისწერა
და შინაგანი ინტელექტი

მე დიდად ვაფასებ ადამიანებს, რომელთაც შინაგანი ინტელექტი აქვთ. ყველას არ გააჩნია იგი - ამას ადამიანი ვერც აღზრდით მოიპოვებს, ვერც - განათლებით, ეს ის თვისებაა, რომელიც აკვნიდანვე თან დაჰყვება ადამიანს და რომლითაც უფლისწულს მათხოვარი შეიძლება სჯობდეს.

თქვენ შინაგან ინტელექტს ასხივებდით, ბატონო ჩემო. მაშინ, როცა სულ პატარა ბიჭი იყავით და მაშინაც, როცა ხალხის სიხარული გახდით - თქვენ ისწავლეთ ხალხის გულის მოგება, მაგრამ ცხოვრებაში წამითაც არ გაგივლიათ გულში, თუ როგორ დაგეგროვებინათ შინაგანი სითბო - ღმერთმა დაგასაჩუქრათ და ეს იყო ყველაზე დიდი ნიჭი, რაც კი უფალმა სათქვენოდ გაიმეტა.
და როგორც ფატალისტი, თქვენ ბედისწერაზეც ვილაპარაკებ, ბატონო ჩემო, მართლა ცაში გახლდათ გადაწყვეტილი თქვენი ფეხბურთელობა და იმიტომ.

აი, ამდენი ხნის გადასახედიდან გეკითხებით თქვენ, ბატონო ჩემო, ქართული ფეხბურთის ლეგენდად ქცევა რომ გარგუნათ ბედმა, რა იქნებოდა, ხელი რომ არ მოგტეხოდათ და ბოლომდე გეჭიდავათ?

რა იქნებოდა, ჭიდაობის შემდეგ ფეხბურთში რომ არ გეცადათ ბედი?

განა ბედისწერა არ არის, რომ თქვენ ჭიდაობიდან ფეხბურთში, რომან რურუა კი ფეხბურთიდან ჭიდაობაში მივიდა?

მოდი და ნუ იწამებ: რაც კი ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენო...

უთუოდ ისიც ბედისწერა იყო, შინაგანმა ხმამ ფეხბურთელობისკენ რომ გიბიძგათ.

მერე კი ყველაფერი ლამაზად წავიდა - ნიჭიერმა კაცმა საკუთარი თავი მწვანე მინდორზეც ადვილად მოძებნა და მარცხენა ფრთაზეც ისე დადგა, როგორც არასდროს არავინ დამდგარა .არც მანამდე, არც შემდეგ.

ყოველაფერი საოცრად ლამაზად წაეწყო ერთმანეთს - დინამოში წავიდა ერთი და უნდა მოსულიყო მეორე თაობა, გუნდში კრიზისმა დაიდგა ტახტი, მწვრთნელს (ანდრო ჟორდანიას) სჯეროდა ახლებისა...

თქვენ რომ დინამოში წაჯექ-უკუჯექობის გარეშე დაგაყენეს, ამას რა დიდი ახსნა სჭირდება, ბატონო ჩემო.

ფეხბურთელობა კი, როგორც თქვენი მეტოქეების ენაზე იტყოდნენ, მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო - თქვენ ნიჭიერი იყავით და „შედგებოდით".

კარიერა
, როგორც ცუდი სიზმარი

თქვენ გახდით ჩემპიონი. თქვენ ტაშს გიკრავდნენ. თქვენთან მეგობრობას ცდილობდნენ გამოჩენილი ადამიანები. თქვენ იყავით კაცი, რომელიც პოპულარობაში ნებისმიერ ქართველს შეეჯიბრებოდა და მაინც, თქვენ გულნაკლული წახვედით ფეხბურთიდან - სფეროდან, რომელშიც ცოტას თუ გაუკეთებია თქვენოდენი.

გულსატკენი კი, გაგიხარიათ, საკმარისზე მეტი გქონდათ: მსოფლიო ნაკრებში შესულს რუსმა სალახნებმა სხვა ჩაგანაცვლეს, საბჭოთა ნაკრებში მხოლოდ „საჭირო მომენტებში" გათამაშებდნენ და სამშობლო საქართველომაც მაშინ გაიძულათ ბუცების კედელზე ჩამოკიდება, როცა თქვენს დიდებულ ფეხბურთს სართად სიბრძნეც უნდა დამატებოდა.

ახლა რომ ვუყურებ, ბევრს, ძალიან ბევრს გაუძელით, ბატონო ჩემო. ამიტომ დავარქვი თქვენს კარიერას ცუდი სიზმარი და არა ლამაზი ოცნება. ყველაფერი კი ურუგვაის ნასიონალთან შემდგარმა თქვენი გაცილების ფაქტმა (თუ აქტმა) დააგვირგვინა - ეს იმას ჰგავდა... თუმცა, რას უნდა შევადარო, ბატონო ჩემო, ეს ლილიელი ჯალათის მიერ მოქნეულ ნაჯახს, წაჭრილ თავსა და თვითმკვლელობას ჰგავდა. მხრებზეც კი შეგისვეს და მოედანზეც შემოგატარეს, მაგრამ თქვენც ხომ იცოდით, ტრიბუნებზე ატირებული ხალხიც ხომ ხვდებოდა, ეს ის სიმაღლე არ იყო, თქვენ გაცილებით მაღლა ყოფნა გეკუთვნოდათ, ბატონო ჩემო და ისიც ხომ სათქმელია, რომ ადრე, ძალიან ადრე შეგისვეს მხრებზე.

საოცარია, მაგრამ რა ხშირად კორტნიან ხოლმე ყორნის ჯიშის ქართველები არწივის ჯიშის ქართველებს. სამწუხაროა, მაგრამ რამდენადაც სასირცხო ყორნის ჯიშის ქართველობაა, იმდენად საშიშია არწივის ჯიშის ქართველთა გაჩენა.

და არ გაპატიეს არწივობა, ბატონო ჩემო, მეტად პატარა ასპარეზი აღმოჩნდა იმდროინდელი საქართველოს არსთა გამრიგეთა გულები ბოღმისთვის და მათაც გულში ვერ დაიტიეს ეს ბოღმა.

ამ ბოღმას გადააყოლეს თქვენი კარიერაც, ბატონო ჩემო, იმას, სხვების ზურნაზე ბუქნაობა რომ არ გჩვეოდათ, თორემ ერთ დოინჯიან თერთმეტ ნომერს როგორმე აგიტანდნენ.

მარტო ფეხბურთელობით არ იწყებოდით და მთავრდებოდით, მარტო მინდორზე არ არსებობდით და ეს ვერ აიტანეს.

მაგრამ მარტო ტრაგედიაც არ მინდა შევქმნა, თქვენ, ფეხბურთელისთვის კუთვნილი ყველაზე დიდი ჯილდო მოიპოვეთ. ჯილდო? იქნებ, ცოტა მეტიც - განა სიტყვა ჯილდო აიწონის იმას, რასაც ხალხის სიხარული ჰქვია?

რასაც თქვენ წარმოადგენდით, ბატონო ჩემო...

ორმაგი სახე

მერე თქვენი შვილი ყვებოდა ხოლმე, თქვენი ასლი და მსგავსი, თქვენებრ ლაღი ფეხბურთის მიმდევარი - კუდში დამდევდაო... მასწავლიდაო... მწვრთნიდაო...

დიდი საქმე - თქვენზე უკეთ ვის უნდა ესწავლებინა, ედევნა, ეწვრთნა, თქვენი გაჭედილი ხატისა თქვენზე უკეთ ვის უნდა სცოდნოდა, ბატონო ჩემო.

ის თქვენი „მეორე მე" იყო, ერთგვარი ორმაგი სახე, ფეხბურთიდან ნაადრევად წასული და ფეხბურთზე სხვების იძულებით ხელჩაქნეული შვილის ფეხბურთელობით აპირებდით გულის მოოხებას, მაგრამ თქვენს შვილს, თქვენს ასლსა და მსგავსს, თქვენებრ ლაღს, ერთი რამ აკლდა - ხასიათი არ გამოჰყვა თქვენნაირი.

თქვენთვის ფეხბურთი ხსნა იყო და მისთვის ფეხბურთი იყო გართობა - აი, ამან გაგანსხვავათ, ბატონო ჩემო.

ის სიმკაცრე კი, ის იშვიათი რისხვა, რომელსაც შვილთან იჩენდით, სამართლიანიც გახლდათ: თქვენ ხომ იცოდით, რომ შვილის ფეხბურთელობა, არა მარტო მისი, თქვენი ნიჭის რეალიზაციაც იყო. თქვენი გაგრძელება, არა ხმელი წიფელი, არამედ ფესვები - ჯანმრთელი, ნედლი, სიცოცხლისუნარიანი ფესვები.

ეს თქვენი ცხოვრების თამაში იყო, და თქვენ, ამდენი თამაშის მომგებმა, წააგეთ, ბატონო ჩემო, მომაკვდინებელი მარცხი განიცადეთ - ეს ხომ მარტო კარიერის არა, ორი ნიჭიერი კაცის, მამა-შვილის ნიჭის დასასრულიც იყო.

კარი არა მარტო უფლისწულს, გაუცინარ ხელმწიფესაც მიუხურეს და...

მერე, როცა რომელიღაც გარაჟში, ბნელ კუთხეში ლამფასავით მიგდებული თქვენივე გაცვეთილი ბუცი მოგიტანეს, ცრემლად აკიაფდა ეს ყველაფერი.

იმ ცრემლმა ხომ ყველაფერი დაიტია - ახალგაზრდობაც, სიჭარმაგეც, ნიჭიც, აღმასვლაც, გაწბილებაც, სიხარულიც და მწუხარებაც...

თქვენ არათუ ახალგაზრდობა, ცხოვრების მარცხიც გამოიტირეთ, ბატონო ჩემო და რაღა თქმა უნდა, „მეორე მეს", საკუთარი შვილის დაკარგულ ტალანტსაც გაეტირეთ, როგორც ძუძუთა ბალღი დედის ხმასა და სუნს.

მე კი ამას ვიტყვი - ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ბუნებამ შვილში არ ჩაიძინა, მაგრამ... მესმის იმ თქვენი ცრემლისა, ბატონო ჩემო.

შაშვი
მებულბულება

ბულბული ეგოისტ მუსიკოსს მაგონებს - მუზა რომ მოუვიდეს, უთუოდ ვარდის ბუჩქში უნდა იჯდეს და თუკი ინება და ამღერდა, თვალებდახუჭულს სამყარო ფეხზედაც არა ჰკიდია, თავისთვის მღერის აშაღლარი.

შაშვი სხვა ვინმეა - შაშვის ჭახჭახი მეომრულ „ჰკა მაგას" ჰგავს და თუმცა ბულბულივით რამდენიმე ოქტავა ვერც აიღოს ეგებ, სამაგიეროდ, ეგოისტობისგან შორს არის, შაშვი საჭირო მომენტებში ჭახჭახებს ხოლმე და ამ ჭახჭახისთვის პარტნიორი სჭირდება.

ამიტომ მებულბულება შაშვი.

მიმაჩნია, რომ ბულბული ეგონეთ და შაშვი იყავით, ბატონო ჩემო, თქვენი თავისთვის თვალდახუჭულს არასოდეს გიჭახჭახიათ, მარტო დინამოს ეპოქა არ შეგიქმნიათ და თქვენს ჩრდილში სხვებს არ ჩამოსძინებიათ...

მახსოვს, ერთმა სპორტულმა გაზეთმა გამოკითხვა გააკეთა და როცა შედეგები შეჯერდა, პირველად თქვენ გაღიარეს საქართველოში. აი, მაშინ თქვა ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის შვილმა: მე ვიცი მამის ფასი, მაგრამ ამ კაცის ფასიც ვიციო...

თქვენ იმიტომაც იყავით დიდი, რომ იმ ლეგენდის შვილსაც კი შეეძლო ასეთი რამის თქმა. თქვენ იმითაც დიდი იყავით, რომ ნიუტონისა არ იყოს, ტიტანების მხრებზე იდექით და ტიტანებზე არანაკლები გამოჩნდით.

იყვნენ თქვენამდეც, იყვნენ თქვენს შემდეგაც, მაგრამ ქართველები ორ ვინმეს დასდევდნენ ტრიბუნიდან ტრიბუნაზე - თქვენ და თქვენს „მეორე მეს" - თქვენსავე შვილს.

ხასიათის კაციაო... - ერთი ის კაცი გამაცანით, ვინც მუდამ ერთ ხასიათზეა. და თუ შაშვი არ ჭახჭახებს ყოველთვის, ვერც ისეთ ბულბულს მაჩვენებთ, ყოველთვის გალობდეს.

ერთიცაა: ბულბულის სტვენა რომ მოგწონთ, ეს იმას არ ნიშნავს, შაშვის დაწუნება ხელაღებით შეძლოთ - შაშვია, ყვავი კი არა.

და ყველაზე მთავარი: ბულბულს სტვენისას თვალები ეხუჭება და სწორედ ამ დროს იჭერენ ხოლმე. შაშვი? ზოგი შაშვის დაჭერაც სცადეთ...

ჰოდა, ამიტომაც ებულბულებათ ჩვენში შაშვი.

საფეხბურთო
სექტა

ფეხბურთელობის მერეც აინტერესებდით, მაგრამ გაცილებით ცოტა ვინმე თუ გაიგებდა თქვენს შესახებ, ბატონო ჩემო. ეს იმიტომ, რომ უბრალო კაცი იყავით, პირში სიმართლის მთქმელი, მაგრამ მოზომილად მთქმელიც, რამდენადაც ჯიქური მინდორზე, იმდენად ხათრიანი მინდვრის გარეთ.

და თუ სადმე ვინმეს თქვენს ფეხბურთელობას შეახსენებდით, მხოლოდ სხვებისთვის, თქვენი საქმისთვის ვინმეს შეწუხება არ შეგძლებიათ - დღემდე ყვებიან ამის შესახებ.

რაც კი თქვენს ბარობაზე დარჩენილა ამ დალოცვილ მიწის პირზე, ყოველთვის სხვების ჩალიჩის შემდეგ - არ გითქვამთ და მოუტანიათ, არ შეგიხსენებიათ და გახსენებიათ, არ გაგიმხელიათ და გაუგიათ.

ასე დარჩა თქვენს ბარობაზე სახლიც, მანქანაც, ნაკვეთიც, რა ვიცი, რა აღარ...

ამით ერთნი ერთგვარად ცოდვის გამოსყიდვას ცდილობდნენ და მეორენი - საქმოსან-კომბინატორებთან მეგობრობსო, ამბობდნენ. პირველებმა იმძლავრეს - ვერ გახმა შეძახილით ხე და იმ სექტას, რომელსაც თქვენმა თაყვანისმცემლებმა ჩაუყარეს საფუძველი, მერე და მერე უამრავი ვინმე შეუერთდა, თქვენვე არ დააარსეთ თქვენივე სახელობის საფეხბურთო სკოლა?

ეს არ იყო ნარცისიზმი, ეს იყო რეალობა - რამეთუ, თქვენი სახელი ხმამაღლა და ამაყად ჟღერდა. ახლობელს მოუყოლია, უბან-უბან დადიოდა და პატარა ბიჭებს, ფეხბურთი ითამაშეთო, გვთხოვდაო...

ყველამ ვერ ითამაშა ფეხბურთი, დიდი ფეხბურთი - მითუმეტეს, ძალიან ცოტამ, მაგრამ იმ სექტას, რომლის წევრები თქვენს მზეს ფიცულობდნენ, ბეწვიც არ მიჰკლებია - სიყვარული ხომ იყო, ახლა ნოსტალგია იკითხეთ?!

მერე, როცა ქვეყანაში ღირებულებები გადაფასდა. დასამტვრევი დაიმტვრა და დასარჩენი დარჩა, სპორტის სასახლეში მოგიდრიკა ქედი საფეხბურთო საქართველომ, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, გვიანი ხომ არ იყო, ბატონო ჩემო?

ეგებ, იმ თმაშეთხელებული 31 წლის ახალგაზრდის დაფასება სჯობდა, ვიდრე 50 წლის ჭარმაგი კაცისა - ასე ხომ უფრო მოიგებდა ქართული ფეხბურთი?!
აფსუს, ცოცხალი რომ იყოთ, თავადვე მიპასუხებდით ამაზე, ბატონო ჩემო, თქვენს სიტყვას სხვა ფასი ექნებოდა, თორემ რასაც მიპასუხებდით, ეს ხომ ამთავითვე ნათელია.
რადგან:

იმ დროს ათიოდე კაცმა მხრებზე შეგისვათ და ხუთჯერ ათი ათასი ტრიბუნებზე ტიროდა, თქვენს თვალზეც კიაფობდა ცრემლი - ამაზე ხომ ვთქვით, ეს ხომ იძულებითი გამოთხოვება იყო.
მერე კი...

საბოლოოდ ჩამოჰკიდეთ თქვენეული ბუცები კედელზე, იმ კედელზე, რომელიც საიქიოსა და სააქაოს ჰყოფს, ზღვრად აღმართულა იმიერსა და ამიერს შორის.

და დაგიტირათ საქართველომ, ხალხმა, ქართულმა ფეხბურთმა - დაგიტირათ და დაგინანათ - ეს ნამდვილად არ ეშლებათ ჩვენში.

ლამაზი იყო თქვენი ცხოვრება, ბატონო ჩემო, ისეთი, როგორზეც უთქვამთ:

იყო
შაშვი მგალობელიო...

ჩემთვის კი თქვენი ცხოვრება აუსრულებელი იმედებისა და აუხდენელი ოცნებების სასაფლაო არ ყოფილა, მე უფრო დაუფასებელი ქართველების გამო მწყდება გული - კაცი, სანამ ცოცხალია, მანამ გამოიყენე ჩემთვის, შენთვის, იმისთვის, ქვეყნისთვის, თორემ სიკვდილის შემდეგ რა დიდუბის პანთეონზე დაგიკრძალავს, რა ვაგანკოვოს სასაფლაოზე - ეგენი ხომ სამუზეუმო ფასეულობებია, მივა, ექსკურსიას მოაწყობს ვინმე, სულ ეს არის.

საფლავის ქვა და მასზე ამოკაწრული ეპიტაფია ვერასოდეს აირეკლავს სათანადოდ კაცის ცხოვრებას - სამწუხაროდ, არც დორიან გრეის პორტრეტის მსგავსი რაღაცეები არსებობენ მიწისპირზე...

ჩემი ქვეყნისა გამკვირვებია, ბატონო ჩემო, იმ ათიოდე, ჰა-ჰა, ასიოდე ბოღმიანს რომ ვერ ეყო და მხარზე იმაზე ადრე აგისვათ, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა - მართლა რა პატარა იყო ის სიმაღლე...

თქვენთვის, მიხეილ მესხისთვის, ბატონო ჩემო.

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 405 სტუმარი ონლაინში