ცუდი ეპოქის ქართველი მეფე (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
გიორგი ფულარიანი   
სამშაბათი, 07 მარტი 2017 23:11

2038191

გიორგი ქინქლაძე – იდეალური მიზეზია იმის სათქმელად, რომ თქვენ "მანჩესტერ სიტის" ქომაგობა დაიწყეთ. ინგლისში და კერძოდ მანჩესტერში, "სიტის" ფანებისთვის ქართველი ფლეიმეიქერი დღემდე უფრო ფასეულია, ვიდრე სერხიო აგუერო.

ქინქლაძე ყველაფერს მარტივად, მაგრამ გენიალურად აკეთებდა. როდესაც იგი ბურთს მეტოქის ნახევარზე მიიღებდა, პასის ადრესატს კი არა, "მოსატყუებელ კაცს" ეძებდა. 90–იანების ათლეტური პრემიერლიგისთვის გიორგი გაბარიტებში ვერ ჯდებოდა, მაგრამ ფიზიკური მონაცემების ნაკლოვანებებს არარეალური დრიბლინგებით აბათილებდა.

ქინქლაძე "დინამოს" სტადიონთან ახლოს ცხოვრობდა. ოჯახის უფროსი რობინზონი 3 წლის გიორგის საფეხბურთო მატჩებზე ატარებდა, პატარა ბავშვიც იჯდა მამიკოს მხრებზე და ტკბებოდა ფეხბურთით. როცა ქინქლაძე 19–ის გახდა, რობინზონი ტრიბუნებზე უკვე მარტო იჯდა, რადგან მოედანზე მისი ვაჟი უკვე "დინამოს" მაისურით დარბოდა.



1993/94 წლების სეზონის პირველი ნახევარი ფეხბურთელმა ჩინებულად წარმართა – 14 მატჩში 13 გოლი. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ–ერთი პირველი ჩემპიონატი მაშინ არავის ანაღვლებდა, მაგრამ ტალანტი მაინც შეამჩნიეს. ქინქლაძემ მეორე ბუნდესლიგის კლუბ "ზაარბრიუკენში"წარუმატებლად სცადა. შემდეგ იყო სამედიცინო შემოწმება მადრიდის "ატლეტიკოში", მაგრამ ესპანელებმა ქართველის ტალანტი ვერ შეაფასეს, თუმცა აგენტმა არგენტინიდან მოულოდნელი წინადადება მიიღო – ქართველს "ბოკა ხუნიორსი" ელოდა.

ქინქლაძე უმალ დათანხმდა ეგზოტიკურ ავანტიურას და "ბოკაში" 2 საკონტროლო შეხვედრაც ითამაშა, რის შემდეგადაც კლუბში თვით დიეგო მარადონა მივიდა. ბავშვობაში მარადონა ქინქლაძის კუმირი იყო, იქ კი ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ. "ქინქის" თამაში სწყუროდა და ამიტომაც, მადრიდში დაბრუნდა, სადაც ხორხე ვალდანომ "რეალის" მეორე გუნდში თამაში შეთავაზა. ყველაფერი კონტრაქტის გაფორმებისკენ მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, ფეხბურთელი სამშობლოში აღმოჩნდა. "დინამოს" იმჟამინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ქინქლაძეს დაპირდა, რომ სეზონი აქ ჩაემთავრებინა, მერე კი ტრანსფერზე ხელს აღარ შეუშლიდა.

1995 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" მფლობელმა ფრენსის ლიმ დაინახა, თუ როგორ მოახერხა სრულიად უცნობმა ფეხბურთელმა 18 მეტრიდან უელსელთა კარის ეფექტურად აღება.

ვიდეო

ლის ისტლენდელთა ქომაგების აღფრთოვანება სურდა და ამიტომაც, "ქინქის" შეძენა ფუნქციონერის მთავარი მისია იყო. ჟორდანიამაც სიტყვა შეასრულა და ქინქლაძე "სიტისი" 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. 

"სიტიში" კონტრაქტის გაფორმება ქინქლაძემ მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში აღნიშნა და ამის გამო ტრანსფერი კინაღამ ჩაიშალა: ქუჩაში დებოში ატყდა და პოლიციაც კი იყო ჩარეული. 

ინგლისში ქართველის ჩასვლა არც არავის შეუმჩნევია – მას არ ჰქონდა კლინსმანის ან ბერგკამპის მსგავსი ბექგრაუნდი. თავიდან BBC–ის კომენტატორ ჯონ მოტსონს გვარის წარმოთქმაც უჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ "სიტის" ფანები უკვე მის გამო მღეროდნენ. გულშემატკივრები მოფერებით "ჯორჯის" და "ქინქის" ეძახდნენ, 96–ის მარტში კი ქართველმა ფეხბურთელმა სრულიად ნისლიანი ალბიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა – "ქინქის" გოლი "საუთჰემპტონის" კარში "მეინ როუდის" არსებობის მანძილზე საუკეთესოდ დაასახელეს.

ვიდეო

იმ სეზონის მიხედვით, "სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ ქინქლაძე გუნდში დარჩა და ამ საქციელით კიდევ უფრო მოიგო გუნდის ქომაგთა გულები. "მეინ როუდისთვის" აი, იმ რთულ ვითარებაში "ქინქი" ნამდვილად ბოლომდე გვერდში გვედგა, რაც გუნდს მოტივაციას და ხარისხს უზრდიდა" – იხსენებს მთავარი მწვრთნელი ჯო როული.

ქართველმა ფეხბურთელმა ყველაფერი სცადა, მაგრამ საბოლოოდ, "სიტი" 98–ში რანგით მესამე დივიზიონში აღმოჩნდა!

ამ შემთხვევაში კლუბში დარჩენა გიორგისთვის კარიერის საუკეთესო წლების გაქარწყვლას ნიშნავდა. ქინქლაძეს კონტრაქტს "ბარსელონა" და "ლივერპული" სთავაზობდნენ, მაგრამ თავად მოთამაშემ ჰოლანდია, ამსტერდამის "აიაქსი" აირჩია. იგი ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: "აიაქსი" ავირჩიე იმიტომ, რომ იქ შოთა არველაძე თამაშობდა – ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით გვეთამაშა ერთად დიდ გუნდში". ჰოლანდიელები ქინქლაძეში იარი ლიტმანენის შემცვლელს ხედავდნენ, რომელსაც "ბარსელონა" ელოდა.

თუმცა ფინელი ამსტერდამში კიდევ ერთი სეზონით გაჩერდა, რამაც გიორგის კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა. ინგლისში ქართველი მოედნის ცენტრში მოქმედებდა, ჰოლანდიაში კი ფლანგზე გადაიყვანეს, სადაც ფეხბურთისგან იმდენ სიამოვნებას ვეღარ იღებდა. ამ ყველაფერმა იმხანად "აიაქსის" მთავარ მწვრთნელ იან უოტერსთან უთანხმოება გამოიწვია.

"მე შემეძლო გავმხდარიყავი მარადონა, მაგრამ მან სისტემა არ შეცვალა" – აცხადებდა ქინქლაძე. ამ ეტაპზე "ქინქის" კარიერა უკან და უკან წავიდა. "აიაქსში" ჩაფლავების შემდეგ, "დერბი ქაუნთისა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, კარიერა კი 33 წლის ასაკში ყაზანის "რუბინში" დაასრულა.

თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ მან მისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოიყენა და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს: "ყველაფერი გვიან გავააანალიზე". 

მიუხედავად ამისა, ინგლისში და "სიტიში" მისი სახელი დღემდე ძვირად ფასობს. ყველაფერს ციფრები ამბობენ: გასულ შემოდგომაზე goal.com–მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის "სიტის" ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. "ქინქიმ", რომელმაც სულ სამი სეზონი გაატარა, გადაუსწრო კოლინ ბელს, რომელმაც 394 მატჩი ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა.

მას შეეძლო გამხდარიყო მარადონა, მაგრამ...

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 78 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში