წელი გამარჯვებით დასრულდა!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 13:28

DSC_6736_Instory2017 წლის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნებმა ‘არწივებთან’ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 21:20 სძლიეს.

ეს იყო ამ გუნდების რიგით მეექვსე შეხვედრა და საქართველომ მეტოქესთან ბალანსი აღადგინა - 3-3 მოგება. საგულისხმოა, რომ ‘არწივები’ ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ და მას ყველაზე დიდი, 4 ქულის სხვაობით გასულ ზაფხულს დენვერში ვძლიეთ.

თიბისი რაგბის სერიების 2017 წლის ბოლო მატჩი ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე გაიმართა და მას 20 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრა ორი მორაგბისთვის განსაკუთრებით ღირშესანიშნავი იყო: პირველი გიორგი ჩხაიძეა, რომელმაც მე-100 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და გახდა მესამე ქართველი ცენტურიონი - მერაბ კვირიკაშვილისა და დავით კაჭარავას შემდეგ, რომლებმაც ასიან ზღვარს ასევე წელს გადააბიჯეს. „ბინგომ“ თამაში ძირითადში დაიწყო და 54 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვასა და სტატიკაში.

მეორე - გიორგი კვესელაძეა, რომელმაც ბორჯღალოსანთა კვართით სულ მეორედ ითამაშა, პირველად სასტარტო შემადგენლობაში და გულშემატკივვარს თავი დაამახსოვრა. მან რამდენჯერმე შეძლო ხაზის გაჭრა ხიფათის შექმნა და მწვრთნელებს იმედები გაუმართლა. პირველი ხიფათი, შეხვედრის მე-2 წუთზე სწორედ მის გარღვევას მოყვა, მაგრამ ამ ეპიზოდში მიყოლამ დააგვიანა. საიმედოდ ითამაშეს სხვა ახალგაზრდებმაც - მირიან მოდებაძემ და სოსო მათიაშვილმა, ასევე გელა აფრასიძემ, რომელსაც თამაშში ჩართვა მე-8 წუთზე, ვასილ ლობჟანიძის ნაცვლად მოუხდა.

აშშ პირველ ტაიმში ლელოთი ორჯერ დაწინაურდა. პირველად ეს მე-5 წუთზე მოხდა, როდესაც მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და მოლი 5 ქულით კვაჭმა ჯო ტაუფეტეჰემ დაასრულა. 23-ე წუთზე პრაქტიკულად იგივე სცენარი განმეორდა და ბურთის დამიწება კვლავ ტაუფეტეჰემ მოახერხა.

ბორჯღალოსნებმა დაახლოებით 10 წუთში უპასუხეს. შედეგიანი შეტევის პირველი ფაზა აფრასიძეზე მოდის, რომელმაც ხაზი გაჭრა და დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. ამას კარგად გათამაშებული კომბინაცია მოყვა, რომლის დროსაც ორჯერ იყოჩაღა მერაბ შარიქაძემ, რევაზ ჯინჭველაშვილმა ოფლოუდის ამოგდება ვეღარ მოახერხა, თუმცა მეტოქეს ჯარიმა გამოსტყუა და მძლავრ მოლს ისევ ჯარიმა მოყვა. მასპინძლებმა შერკინება ირჩიეს და პირველივე ჯერზე რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა - 7:5.

სტუმრები ზურგსუკან ფეხით ხშირად გვიკიდებდნენ ბურთს და ხიფათს გვიქმნიდნენ. ტაიმის შუაში დაშვებულ შეცდომას მოლი და მათი მეორე, ამჯერად გარდასახული ლელო მოყვა. ამას ისიც დაერთო, რომ რეფერიმ სახიფათო ბოჭვისთვის ვიტო კოლელიშვილი გაგვისინბინა, მაგრამ კაცნალულმა ბორჯღალოსნებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს: დერეფნიდან რამდენიმე მიძალების შემდეგ, რაქიდან ბურთი ლევან ჩილაჩავამ აიტაცა და ლელოში გადადო, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა.

მალე რეფერიმ ჩილაჩავა გაასინბინა მოედანზე კიდევ 10 წუთით კაცნაკლული დავრჩით, თუმცა ამ პერიოდში კიდევ ერთი ლელო გავიტანეთ. 7-ქულიანი შეტევა კარგად დამუშავებულ კომბინაციას მოყვა - ჩხაიძემ დერეფანში მოიგო ბურთი, ის კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს ჰაერიდანვე დაუბრუნა და მეტოქისთვის მისი მიძალება მოულოდნელი აღმოჩნდა. მათიაშვილი არც ამჯერად შეცდა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დაძაბული გამოდგა. საწყისმა წუთებმა ბორჯღალოსნების შეტევებში ჩაიარა, მაგრამ ქულა ვერ ავიღეთ. ასეთ სიტუაციაში სტუმრებმა ჯარიმის კარში დარტყმა არჩიეს და 58-ე წუთზე მაკგინთმა ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს აშშ-მ ბურჯი სინბინით დაკარგა, თუმცა კაცნაკლულმა მეტოქემ ლელოს გატანა მოახერხა. მაკგინთს გარდასახვა გაუცუდდა და რეფერის საფინალო სასტვენმა ბორჯღალოსნების გამარჯვება დააფიქსირა - 21:20.

პრესკონფერენცია

მიუხედავად მარცხისა, ‘არწივების’ მთავარი მწვრთნელი დეივ ჰიუითი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა:

„მიუხედავად არასასურველი ანგარიშისა, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი და ამაყი ვარ. ჩვენი კოზირები გამოვიყენეთ და მეტოქეს იმ კომპონენტებში ვაჯობეთ, რაშიც ისინი ძლიერები არიან, რაც თავდაპირველად ჩვენ მიზანს წარმოადგენდა. შერკინებაში ცუდად არ გამოვიყურებოდით, გვქონდა ძალიან კარგი მოლი და საქართველოს შეცდომები გამოვიყენეთ. ამ თამაშით ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით, რაც გამოსწორებადია და ყველაფერი წინ გვაქვს. რაც მთავარია ხალხს ვანახეთ, რომ ამერიკული რაგბი ვითარდება და საკმაო ძლიერ მეტოქეებთან თამაში შეგვიძლია“.

კმაყოფილი იყო გუნდის კაპიტანი ბლეინ სქალიც:

“მწვრთნელის დარად, მეც ამაყი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი. ამ მატჩისთვის თითოეული მოთამაშე თუ სამწვრთნელო შტაბის წევრი გამორჩეულად მოემზადა და შედეგიც სახეზეა. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ მარცხი განვიცადეთ, თორემ, სხვა მხრივ, კმაყოფილების საბაბი ნამდვილად გვაქვს. ჩვენს თამაშში ბევრი ელემენტი იყო გაუმჯობესებული და ახლა, მთავარია, ეს ელემენტები დავაპაკეტოთ და 80 წუთის განმავლობაში გამოიყენოთ”.

ბორჯღალოსანთა თავკაცი მილთონ ჰეიგი თამაშის ხარისხით არა, შედეგით კი მაყოფილი დარჩა:

„პირველ ტაიმში რამდენჯერმე ჩვენი შერკინება და დერეფანი დავთმეთ, რის შემდეგაც საკუთარი თავი წნეხის ქვეშ მოვაქციეთ. შესვენებამდე მეტი ქულა უნდა აგვეღო, რის შემდეგაც მეორე ტაიმში უფრო კომფორტულად ვიქნებოდით. მეორე ტაიმში ბურთიც დავთმეთ და კარგია გამარჯვება რომ მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ, რადგან ადრე ამ თამაშს წავაგებდით, ისე, როგორც 4 წლის წინ იმავე ამერიკასთან, ახლა კი გამარჯვება მოვიპოვეთ.

აუცილებლად პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ ახალგაზრდა მორაგბეების დიდებული გარჯაც. კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და დიდი სამუშაო გასწია. იგივე შემიძლია ვთქვა აფრასიძეზეც, რომელსაც მატჩში ჩართვა მალე მოუხდა და ძალიან დაგვეხმარა.

ნოემბრის ტესტებზე ჩვენი მიზანი სამივე მატჩის მოგება იყო. გამოვიდა, რომ მხოლოდ ორში ვიმარჯვეთ, თუმცა, უელსი საკმაოდ დიდ წნეხში ვამყოფეთ. კარგია, რომ გუნდში ახალი სახეები ჩავრთეთ და დავინახეთ ის ბიჭები, რომლებიც მომავალი მსოფლიო თასისთვის უნდა გამოგვადგნენ. საერთო ჯამში, ნაკრებმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა”.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე დარწმუნებულია, რომ მოვა დრო საქართველო აშშ-ს დიდი სხვაობითაც დაამარცხებს:

“აშშ ძალიან ღირსეული მეტოქეა და ეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რაც მახსენდება, ამერიკელებთან სულ მცირე სხვაობა ფიქსირდება და ახლაც ასე იყო. რამდენიმე წლის წინ კანადასთანაც ასე იყო და ახლა, მათ დამაჯერებლად ვაჯობეთ. მჯერა, რომ სამომავლოდ აშშ-სთანაც უფრო სოლიდურად თამაშს მოვახერხებთ.

დღეს ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. როდესაც შენი დონის გუნდთან ამდენ ჯარიმას იღებ, თამაშს ვერ იგებ და სასიხარულოა, რომ დღეს ეს მაინც მოვახერხეთ. თუ ასე გავაგრძელეთ ძლიერ გუნდებთან შანსი არ გვექნება და ჯარიმების გამოსწორებაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ".

rugby.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 436 სტუმარი ონლაინში