ივო შუშაკი: "მინდა ქართველ ხალხს, საქართველოს გაერთიანება ვუსურვო!"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
მანანა სურმანიძე   
პარასკევი, 17 აგვისტო 2012 00:01

ivo2

საქართველოსა და ხორვატიის 21წლამდელთა ნაკრების დაპირისპირებას ერთი, ფრიად სასიამოვნო ამბავი ახლდა თან: საქართველოს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ივო შუშაკი ეწვია, ამჯერად უკვე ხორვატთა მთავარი მწვრთნელის რანგში.

შუშაკი პირველად საქართველოში 2002 წელს ჩამოვიდა, როდესაც იგი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და სადაც 2004 წლამდე იმუშავა.

ამ პერიოდში "დინამომ" ჩემპიონობა, საქართველოს თასისა და დსთ-ს თასის მოგება მოახერხა. რამაც ივო უცებ აქცია ქართველი ქომაგების საყვარელ ადამიანად. ამ პერიოდში მან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 2 მატჩის ჩატარება მოასწრო, აქედან ერთი კი ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად ახსოვს, 2003 წლის 30 აპრილი, როცა ჩვენმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა 1-0. ამის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მას საქართველოს დატოვება მოუხდა, იმ მიზეზით, რომ მასთან არც "დინამოში" და არც ეროვნულ ნაკრებში კონტრაქტი არ გაუგრძელეს. თუმცა წლების მანძილზე, იგი საქართველოში მაინც რჩება სასურველ სტუმრად. ჩვენც  გადავწყვიტეთ, რომ მასთან ვრცელი საუბარი საინტერესო იქნებოდა. ჩვენი შეხვედრა საქართველო-ხორვატიის მატჩის დღეს, დილით,  "შერატონის" ჰოლში  შედგა და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოდაც წარიმართა.

-  თქვენ ყოველთვის ჩვენი სასურველი სტუმარი ბრძანდებით, როგორი შთაბეჭდილებებით და მოგონებებით ჩამობრძანდით საქართველოში ?

-  საქართველო სულ ჩემ გულშია, მე მიყვარს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. აქ უამრავი მეგობარი მყავს, რომლებთანაც, მიუხედავად ჩვენი სხვდასხვა ქვეყანაში ყოფნისა არ ვწყვეტ ურთიერთობას. ჩემი დღევანდელი მეტოქეც, საშა ჩივაძე უახლოესი მეგობარია, მისი ნახვა ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუნდაც მოწინააღმდეგის  ამპლუაში, ეს ხომ ფეხბურთია. ჩვენ ხშირად ვკონტაქტობთ,  სწორედ ის იყო პირველი, ვინც მე საქართველოს ერვნული ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზა, რაც უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. მის 50 წლის იუბილეზეც ვიყავი მოწვეული. ბოლოს 19წლამდელების ელიტ რაუნდის თამაშების დროს შევხვდით. არ შემიძლია არ გავიხსენო კიდევ ერთი დიდებული ადამიანი და უახლოესი მეგობარი გივი ნოდია, გული მწყდება რომ ის ჩვენ გვერდით აღარ არის. დღემდე, ჩემი მეგობრებიც კი, რომლებსაც აქ უწევთ ხოლმე ჩამოსვლა, გრძნობენ იმ სითბოს და ყურადღებას, რასაც მე აქაურებისგან წლების მანძილზეა ვგრძნობ. ახლა, რომ ვაკვირდები, თბილისი სულ სხვა ქალაქია ვიდრე იმ წლებში, როცა მე აქ მომიწია მუშაობა, მიხარია ყველა წინსვლა, რაც ამ ქალაქს და ამ ქვეყანას უკავშირდება.

-  თბილისის "დინამო", თქვენი ამ კლუბში მოღვაწეობა თანამედროვე წლებში, კლუბის საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება.... თუმცა "დინამოს" დღეს საუკეთესო პერიოდი არ უდგას, შარშანდელი სეზონი ყველაზე უარესი იყო კლუბის ისტორიაში...

-  "დინამო" ჩემი ცხოვრების  ყველაზე ლამაზი მოგონებაა. მე  ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ბრწყინვალე ფეხბურთელები, ჩემპიონობა, თასი, დსთ-ს თასი, რაც მთავარია გულშემატკივრების სიყვარული, სხვა რა უნდა ინატროს მწვრთნელმა? დღემდე ამ კლუბის სიყვარულს გულით ვატარებ. ამ კლუბში უამრავი მეგობარი შევიძინე და ყოველთვის ვინტერესდები იმით თუ როგორ მიდის ამ კლუბის საქმეები. ბოლო პერიოდში იყო რაღაც საუბრები ჩემი "დინამოში" დაბრუნების შესახებ, თუმცა ოფიციალურ საუბრებამდე საქმე არ მისულა. მე ყოველთვის მზად ვარ და უბედნიერესი ვიქნები თუ საქართველოში ისევ მომიწევს ჩამოსვლა.

რაც შეეხება, "დინამოს" გასულ სეზონს, ამ ფაქტმა საკმაოდ დამწყვიტა გული, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ზაგრების "დინამოს" მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომელიც წლების განმავლობაში ვერ აღწევდა წარმატებას, მაგრამ როგორ ფენიქსი, ფერფლიდან აღსდგა და დღეს ის ხორვატიის უმთავრესი კლუბია. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება "დინამოს" შემთხვევაში, ის უნდა იყოს ქართული ფეხბურთის "ლოკომოტივი" და მაგალითი, არამარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ ორგანიზაციის, ინფრასტრუქტურის და განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ საუკეთესო სეზონები "დინამოს" წინ აქვს.

-  დუშან უჰრინი უმცროსზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

-  მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა მამამისს, უფროს დუშან უჰრინს უდიდეს პატივს ვცემ, ის დიდი მწვრთნელია. ვიცი რას ნიშნავს და რა პასუხისმგებლობაა "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა, ჩეხეთი საფეხბურთო ქვეყნაა და დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს "დინამოს" ჩემპიონობა დაუბრუნოს და ევროსარბიელზე წარმატებით დაბრუნდეს. მას სწორედ ამას ვუსურვებ. ვფიქრობ "დინამოს" მთავარი პოლიტიკა და  რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოს ისაა, რომ მან უძლიერესი ქართველი ფეხბურთელები უნდა შემოიკრიბოს და შემდეგ დაუმატოს მათ რამოდენიმე ძლიერი უცხოელი. იმ კუთხით უნდა წარიმართოს მუშაობა, რომ ეს კლუბი ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის სასურველ კლუბად იქცეს, სხვა ქალაქებიდან, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, იქედან საუკეთესოები სწორედ "დინამოში" მოხვედრას უნდა ნატრულობდნენ.  ამ მხრივ ჩემ "დინამოში" ნამდვილად უძლიერესი ფეხბურთელები იყვნენ. უდიდესი სურვილი მქონდა აგრეთვე გუნდში ასათიანი და სირაძე  მყოლოდა. ეს უდიდესი ძალა იქნებოდა და ჩვენ ევროპულ ფეხბურთში სულ სხვა დონეზე შევძლებდით ასვლას. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და შემდეგ ამ ფეხბურთლებმა რუსეთში გადაწყვიტეს კარიერის გაგრძელება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, ბოლო შესარჩვეი ციკლის დროს,  სწორედ ხორვატებთან  მატჩს უკავშირდება, ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 2003 წელს, რუსეთთან მიღწეული წარმატებაა, რომლის დროსაც სწორედ თქვენ  ხელმძღვანელობდით ჩვენს ნაკრებს...

- სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა და უფრო სწორად არ ვიცოდი თუ ასეთი მნიშვნელობა ექნებოდა ამ თამაშს ქართველი გულშემატკივრებისთვის. ამას მხოლოდ  თამაშის დასრულების  შემდეგ მივხვდი, როცა გახარებული ქართველები დავინახე სტადიონზე, რომლებმაც შემდეგ უკვე ქუჩაში გააგრძელეს ზეიმი. კარგად მახსოვს, ამ თამაშისთვის "დინამოს" ბაზაზე ვემზადებოდით, ბიჭებს ეტყბოდათ  განსაკუთრებული განწყობა და მოტივაცია, მთავარი იყო უშუალოდ მოედანზე ცივი გონებით და ცხელი გულით გავსულიყავით და მთელი ეს მათი ემოცია სწორედ მატჩზე ყოფილიყო კონცენტრირებული. რუსეთი ნამდვილად ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა ჩვენც გვყავდა გამოცდილი ფეხბურთელები - ნემსაძე, დემეტრაძე, კალაძე,  იყვნენ ახალგაზრდები, ხიზანიშვილი, კვირკველია, დარასელია, ბურდული და რა თქმა უნდა, ნაკრების დებიუტანტი, ასათიანი, რომელმაც შეძლო კიდეც გამარჯვების გოლის გატანა. კარგი გუნდი იყო. რა თქმა უნდა, ფეხბურთლების ასეთმა განწყობამ და მოგების სურვილმა, მეც ოპტიპისტურად განმაწყო, მაგრამ 100% გამარჯვებას ვერ ვიფიქრებდი. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და ქართველ ხალხს უდიდესი სიხარული ვაჩუქეთ. ძალიან ამაყი ვარ, რომ  ამ გუნდის  და ამ გამარჯვების ნაწილი ვიყავი.

და რატომ გამოვიდა ისე, რომ ამ მატჩის შემდეგ თქვენ მხოლოდ ერთხელ უთავკაცეთ ჩვენ ეროვნულ გუნდს და რამოდენიმე თვეში საქართველო დატოვეთ?

- ვერ გეტყვით, რატომ.  ფაქტი ის იყო, რომ მე მაშინ "დინამოსთან" მქონდა კონტრაქტი და კლუბი და ფედერაცია ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შემდეგ საქართველო მალევე დავტოვე.  უკვე მას შემდეგ, როცა ტოპმოილერი წავიდა, თქვენგან იყო დაინტერესება, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, ნაკრების მწვრთნელობის იდეალური კანდიდატია. ის ბრწყინვალე პიროვნება, ფეხბურთელი და მწვრთნელია. უდიდეს პატივს ვცემ მას. მართალია, ახლა შესარჩევი ეტაპის წილისყრისას არ გაგიმართლათ, თუმცა დარწმუნებული ვარ ქეცბაია საბოლოოდ შეძლებს მიზნის მიღწევას და საქართველოს ნაკრები აუცილებლად ითამაშებს ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოღონდ მთავარია იღბალი, რადგან ქართველების საფეხბურთო ნიჭში მე ეჭვი არასოდეს მეპარებოდა და ამდენდაც ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ ნიჭიერ საფეხბურთო ქვეყანაში მომიწია მუშაობა.

-  გასულ ევროპის ჩემპიონატზე ხორვატებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, როგორ შეფასდა ეროვნული ნაკრების გამოსვლა ხორვატიაში?

- ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად კარგი გუნდი გვყავდა. დავამტკიცეთ კიდევაც, რომ ისეთ გრანდებთან როგორებიც იტალია და ესპანეთია  შესაძლებელია კარგად თამაში, თუმცა ეს ფეხბურთია და ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ იღბალია. ჩვენ არ გაგვიმართლა არც წილისყრის დროს, როცა ასეთი ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, არ გაგვიმართლა ესპანელებთან, რაკიტიჩს ის ბურთი, რომ შეეგდო, ვინ იცის იქნებ ესპანეთი ევროპის ჩემპიონი ვერც გამხდარიყო. დღეს ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს, კარგი ახალი თაობა მოდის, სწორედ მათზე გაკეთდება აქცენტი შვეიცარიასთან ამხანაგური  მატჩის დროს. მსოფლიოს შესარჩევში რთულ ჯგუფში ნამდვილად არ მოვხვედრილვართ, თუმცა ვერც ადვილს ვუწოდებ, სერბეთი, მაკედონია, ბელგია, რომელიც საკმაოდ ახლაგაზრდული და ამბიცური გუნდია, თუმცა მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბრაზილიაში აუცილებლად ვითამაშებთ.

როდის უნდა ელოდოს საფეხბურთო სამყარო ახალ ხორვატ ვარსკვლავებს?

- ხორვატიის ფეხბურთს ფეხბურთს საკმაოდ კარგი მომავალი აქვს. ყველა ასაკობრივ ნაკრებში იმედისმომცემი ფეხბურთელები მოდიან. 19წლამდელებმა შეძლეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. წარმატებები აქვს ასევე სხვა ნაკრებებსაც. ფედერაციის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელობა დავორ შუკერის თაოსნობით, საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს ასაკობრივ ნაკრებებს, ყველა პირობას უქმნის, სათანადო მომზადებისა და განვითარებისთვის, რაც ხორვატული ფეხბურთის მომავალს კიდევ უფრო იმედისმომცემს ხდის.

-  რა ხდება ხორვატულ საკლუბო ფეხბურთში?

-  ამ მომენტისთვის ხორვატულ კლუბებს ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგალითისთვის სპლიტის "ჰაიდუკი" მინდა მოვიყვანო. კლუბებს მხოლოდ ბიზნესი აფინანსებს, არც ფედერაცია და არც სახელმწიფო მათ ფულს არ აძლევს. საშუალო ხორვატიული კლუბის ბიუჯეტი 2 მლნ ევროა, ეს ის თანხაა, რაც კლუბს ნორმალური მუშაობისთვის ჭირდებათ, გამონაკლისი მხოლოდ ზაგრების "დინამოა", რომელიც ამ მხრივ გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია. სამაგიეროდ, სახელმწიფო იმდენს ახერხებს, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლები უფასოა. ფედერაცია მთელ თავის რესურსს ნაკრებებს ახარჯავს, საუბარია ყველა ასაკობრივ ნაკრებზე, რომელთაც იდეალური პირობებში უწევთ მომზადება და ოფიციალური თუ საკონტროლო შეხვედრების გამართვა.

ნამდვილად ვერ გავუშვებთ შანსს, თქვენთან ერთად, ხორვატული ფეხბურთის "ოქროს თაობის" წარმატება არ გავიხსენოთ, 1998 წლის ნაკრები ნამვდილად საუკეთესო იყო ქვეყნის ისტორიაში და ამ მუნდიალზე მოპოვებული მესამე ადგილიც ამაზე მეტყველებს, თუმცა ამას ხორვატიისგან არავინ ელოდა...

- ნადვილად მეამაყება ის დრო, როცა მე მიროსლავ ბლაჟევიჩის სამწვრთნელო შტაბის წევრი ვიყავი, მართლაც დიდებული გუნდი გვყავდა, ლადიჩი, შტიმაცი, სტანიჩი, იარნი, ბობანი, პროსინეჩკი, შუკერი, ბილიჩი, ვლაოვიჩი, ასანოვიჩი, სოლდო,  სტუდორი, სამწუხაროდ, ბოქშიჩს მაშინ ტრამვა ჰქონდა და გუნდს ვერ ეხმარებოდა. გუნდში არაჩვეულებრივი განწყობა სუფევდა, თუმცა მიმაჩნია, რომ იღბალი კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის ჩვენ მხარეს იყო. სამი ასეთი მომენტი მინდა გამოვყო, ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და ეს იმის წყალობით, რომ ბერძნებმა, დანიელები ვერ დაამარცხეს, შმეიხელი უბრალოდ გიჟივით იდგა კარში, ყველაფერი აიღო რისი აღებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. შემდეგ პლეიოფში უკრაინასთან, პირველ 10 წუთში გადაგვიარეს, 2 ბურთი შეგვიგდეს, თუმცა მოვახერხეთ და ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა. ბოლოს უკვე გერმანიასთან მეოთხედფინალური დაპირისპირება, სანამ ჩვენ გოლს გავიტანდით, ბუნდეს ნაკრებს 2 ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა და ლადიჩმა გადაგვარჩინა. მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს გუნდი, იღბალი და გამართლება აუცილებელია, ჩვენ კი მართლა ძლიერი გუნდი გვყავდა, რომელსაც გაუმართლა კიდეც და მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთ შედეგს მიაღწია.

-  რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

-  საერთოდ მწვრთნელი თავის სამუშაოს დიდი ხნით ადრე ვერ გეგმავს. ფედერაციასთან კონტრაქტი 31 დეკემბერს მეწურება დაჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით რა იქნება. არის რაღაც საუბრები ადგილობრივ კლუბებთან, თუმცა ვნახოთ. ერთი კი იმაში ნამდვილად მიმართლებდა ყოველთვის, რომ  სამსახურს არასოდეს ვეძებდი, არამედ სამსახური მპოულობდა თავად. მთავარია საყვარელი საქმე ვაკეთო, ფული კი მეორეხარისხოვანია, თუმცა არც თუ უმნიშვნელო. თავს ყველა შემთხვევაში ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, ჩემი განვლილი კარიერის გამო, იმის გამო, რომ ასეთი კარგი მეგობრები და ოჯახი მყავს.

ქართველ გულშემატკივარს რას ეტყოდით?

- ალბათ არავის დედამიწის ზურგზე, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის სტადიონზე ჩვენება არ შეუძლია ისე, როგორც ქართველ გულშემატკივარს. ვიცი თუ როგორი გულშემატკივარი ჰყავს თბილისის "დინამოს", საქართველოს ნაკრებს, ვიცი როგორ უყვარს ამ ხალხს თავისი ქვყენა და ფეხბურთი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შემდეგ, სტადიონებზე ხალხის რაოდენობამ იკლო, მჯერა ახალი თაობა ისევ დაბრუნდება საყვარელი გუნდის საქომაგოდ. როცა ხორვატია საქართველოსთან დამარცხდა, ამ მატჩს ტელევიზორით ვუყურე, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი ძალიან განვიცადე, გულახდილად გეუბნებით,  მიხაროდა ის, რომ სწორედ ქართველებთან დავმარცხდით, რადგან ვიცოდი თუ რას ნიშნავდა ეს გამარჯვება ქართველი გულშემატკივრისთვის. დარწმუნებული ვარ, ქეცბაია კიდევ ბერვჯერ შეძლებს მათ გახარებას.

ჩვენ საუბარს სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძეც ესწრებოდა, რომელსაც ბატონ ივოზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ. ლევანი სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა "დინამოს" პრესსამსახურს, როცა შუშაკს მოუწია გუნდში მუშაობა

ლევან სალუქვაძე: "ნამდვილად გამიმართლა, რომ იმ პერიოდში დაემთხვა ჩემი "დინამოში" მისვლა, როცა ივო მოვიდა გუნდში. მაშინაც სწორედ ასეთი რთული პერიოდი ქონდა კლუბს, თუმცა მან ის მოახერხა, რომ გუნდი სრულიად გარდაქმნა და თანამედროვე ფეხბურთის თამაში დააწყებინა. იმ ფეხბურთელების წარმატებული ასპარეზობა სწორედ ივოს დამსახურებაა, იგივე დარასელია, რომელიც საქართველლოში არავის სჭირდებოდა, ალექსიძე, რომელიც "ჩელსიდან" დაბრუნების შემდეგ მეორედ გააცოცხლა, ახალაია, შაშიაშვილი მის ხელში ჩამოყალიბდა, ბურდული, რომელიც სუპერ პერსპექტიული ფეხბურთელი იყო.  შემთხვევით არ იყო ის ფაქტი, რომ ივოს წასვლის შემდეგ იმ ფეხბურთელების 80%-მა მაღალ დონეზე თამაში ვერ გააგრძელა. მაშინ "დინამოს" ჩემპიონობა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა ეს რომ ასე არ არის, წლებია კარგად ჩანს. თან მაშინ გუნდმა დუბლი გაახერხა. დსთ-ს თასი, რომლის მოგებაც მაშინ ადვილი ამბავი არ იყო.  ნამდვილად მეგონა, რომ რუსეთთან მატჩის შემდეგ ამ კაცს ხელის გულზე ვატარებდით, იგივე ირლანდიასთან წაგება, რომელსაც მაშინ 30 საშინაო მატჩი არ ქონდა წაგებული, ჩვენი ნაკრები 6 ძირითადი ფეხბურთელი გარეშე თამაშობდა და არც თუ ურიგოდ, თუმცა მოხდა პირიქით და ვიღაცეების პრინციპების გამო, ეს კაცი საერთოდ გავუშვით ქართული ფეხბურთიდან, რაც უდიდესი შეცდომა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი აქ ყოფნა სრულიად ქართულ ფეხბურთს დაეტყო.  არაერთი მაღალი დონის მწვრთნელს უმუშავია ივოს შემდეგ ჩვენთან, თუმცა არცერთ მათგანს, ჩვენი ქვეყნისადმი ასეთი ერთგულება, სიყვარული არ გამოუვლენიათ და რაც მთავარია, არცერთ მათგანს ამდენი სარგებელი ქართული ფეხბურთისთვის არ მოუტანია და სწორედ ამიტომაა, რომ ყოველთვის იგრძნობა ჩვენი გულშემატკივრების მხრიდან მისდამი სიყვარული და პატივისცემა, რასაც ის ყოველთვის აღნიშნავს.

საუბრის მიწურულს  კი ბოლო სიტყვა ივომ ითხოვა:

- აქედან წასვლის შემდეგ, სამი განსაკუთრებული ტკივილი მაქვს გულში - პირველი, დიდებული პიროვნების, გივი ნოდიას გარდაცვალება, ასევე, ჩვენი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი და ომი, რომელიც მე ძალიან განვიცადე. საქართველოს მინდა წინსვლა, ქართველ ხალხს კი კეთილდღეობა და საქართველოს გაერთიანება ვუსურვო!

ფოტო: ოთარ მუმლაძე

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 860 სტუმარი ონლაინში